ენდრო - Madder (Rubia tinctorum)


მაია ღამბაშიძე

ენდრო – მღებავი და სამკურნალო საშუალება


ჩვენთვის, ქართველებისთვის, ენდრო ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან. ენდროს ფესვები ქვაბში იხარშება და მასში სააღდგომო კვერცხები იღებება. შეღებილი კვერცხი იჭმევა, ხოლო ქვაბში დარჩენილი ენდროიანი ნახარში გამოუდეგრად ითვლება და იღვრება. არადა, ეს დალოცვლილი მცენარე უძველესი დროიდან შეუცვლელ სამკურნალო და საღებავ მცენარეს წარმოადგენდა...

ენდრო – (Rubia tinctorum), გერმ.:  Krapp; ინგლ. Madder; ფრანგ. Garance; იტალ. Robbia; ესპ.Rubia, რუს. марена, თურქ. kızılkök, სპარს. سانور – ენდროსებრთა ოჯახის მცენარეა. იგი გრძელფესვურიანი, ოთხწახნაგოვანღეროიანი, მრავალწლიანი ბალახია. ფესვურებიდან მშრალი ღერო ამოდის, რომლის სიმაღლე 60-100 სმ აღწევს, აქვს მომწვანო-ყვითელი, წითელი ყვავილები და ყვავის ივნისიდან, ხოლო ბურთივით მრგვალი, 5-9 მილიმეტრიანი ნაყოფი კი აგვისტოში მწიფდება.

ენდროს სამშობლოდ კავკასია და მცირე აზია ითვლება. საქართველოში ვხვდებით 2 სახეობას, 55-მდე სახეობა გავრცელებულია აზიის ზომიერ რაიონებში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე ნაწილიშუა ევროპასა და აფრიკაში, 15 სახეობა კისამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. (ხინთიბიძე ., ქსე. . 4, გვ. 153-154, თბ., 1979).


ენდრო კულინარიაში
ქართველები ენდროში ვღებავთ სააღდგომო კვერცხს. ჩვეულებრივი მეთოდი კვერცხის ღებვისა შემდეგია: ქვაბში იყრება დანაყული ფესვები და დუღდება. ამის შემდეგ ნახარშს აცივებენ და შემდეგ კვლავ დგამენ ცეცხლზე, რის შემდეგაც ქვაბში აწყობენ კვერცხებს. დაახლ. 40–45 წუთში კვერცხი იღებება მუქ წითლად.

ასევე საინტერესო გამოყენება შეიძლება მოვუნახოთ შეღებილი კვერცხის ნაჭუჭს: იგი შეიძლება დავნაყოთ და ავურიოთ მარილში, მთელი წლის მანძილზე შეიძლება მოვაყაროთ ნებისმიერ საჭმელს (გვანცა კიკალიშვილი)


ენდრო მედიცინაში

ენდროს იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც რაქიტის სამკურნალოდ, ასევეკენჭოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
დადგენილია, რომ ენდროს პრეპარატები ფოსფორმჟავას და სხვა მარილებს ორგანიზმიდან გამოდევნის, აგრეთვე ოქსალატების, ფოსფატების და ურიატების გახსნას უწყობს ხელს, რაც ამ პრეპარატებში ანტრაგლიკოზიდების შემცველობითაა განპირობებული.

იგი თანდათან აფხვიერებს და შლის თირკმელების და საშარდე ბუშტში დაგროვილ კენჭებს. ენდროს გავლენით ორგანიზმიდან გამოდევნილი ქვები პრიალა ზედაპირიანია, შეღებილია მოვარდისფრო-წითლად, იფხვნება. ენდროს გავლენით შარდი წითლად იღებება. დოზირება დამაკმაყოფილებლად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ შარდი მოვარდისფრო, მოწითალოდ იღებება, შეღებვა სამ საათში იწყება მიღებიდან და მთელ დღეს გრძელდება, საშუალო დოზის მიღების შემთხვევაში.

დაყენების წესი: 100 გრ. დანაყილ ენდროს ფესვებს და ფესვურებს დავასხათ 100 გრ. სამედიცინო ან ღვინის სპირტი და ჰერმეტულად დავხუროთ, 10 დღით შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილზე, ჭურჭელი აუცილებლად უნდა იყოს მინის. შემდეგ სპირტს გადავიღებთ ცალკე ჭურჭელში, ხოლო ენდროს დავასხამთ 50 გრ. ზეითუნის ზეთს და ავადუღებთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის მანილზე, გაგრილების შემდეგ გავფილტრავთ და გადავიღებთ სპირტიან ჭურჭელში. პრეპარატი მზადაა. კენჭოვანი  დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება 4-5 წვეთი შაქარზე, 30 წუთით ადრე ჭამამდე, ან 0.25 გრ. თბილ წყალში გახსნილი (თამარ ასკურავა).

ენდრო ქსოვილის ღებვისას
ენდროს ფესვები შეიცავენ გლიკოზიდების, რომელთა გახლეჩვით მიიღება საღებავი ნივთიერებები: ალიზარიანი, ქსანტოპურინი, რუბიადინი და სხვ., რაც მეტად გამძლე წითელი ფერის საღებავია. მისგან შეღებილი ნებისმიერი რამ, ასი წლის მანძილზეც არ კარგავს ფერს. მას ძველთაგანვე იყენებდნენ აბრეშუმის, ბამბეულისა და შალის (ფარდაგების) ქსოვილების შესაღებად. სამწუხაროდ, იმის შემდეგ, რაც ენდროში ალიზარინი აღმოჩნდა, ენდროს კულტურა მკვეთრად შემცირდა და იგი მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაშიღა შემორჩა. საქართველოში მეტად გავრცელებული იყო ენდროში ქსოვილის ღებვა. როგორც ჩანს, ღებვა იწყებოდა ნააღდგომევს, კვერცხების შეღებვის შემდგომ დარჩენილ ნახარშს არ ასხამდნენ და ინახავდნენ ქსოვილის შესაღებად (ჩუკა კუპრავა).

როგორ ღებავდნენ ძველად საქართველოში

(მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის 
ისტორიისათვის, ტ. 2.2. თბილისი 1982.

ქიზიყი
„თუ წითლად უნდა შეღებონ, ენდროს დასჩეჩქვამენ, დაჰფხეკენ, კარგა დაჰფქვამენ, გასცრიან, გაცრილს ინახავენ, ანაცერს (რაც საცერში რჩება) ხარშავენ წყალში. წყალი უნდა შემოადგეს წნდროს ზემოთ. ქვაბში ხარშავენ. ბაწარ ცხელ-ცხელში სდებენ. ამოიღებენ, გაცრილ ენდროს აყრიან, რაც მეტი დაეყრება, სჯობია. შიგავ ჩაიდება. შიგ უნდა გაცივდეს. მემრე თავისსავე წვენსა და ნაცარში, ნელთბილში დასდედავენ. მაშინვე წაიღებენ წყალზე გარეცხავენ“.

შიგნი კახეთი
ენდროში შაღებილი და ჭიაფერში გატარებული მუქი წითელი მოდიოდა. ენდროს გავახმობ, მემრე დავფქვავ ხელსაფქვავით, ჩავყრი ქილაში, დავასხამ ცხელ წყალსა და სამ კვირამდის იგრე იდგმება. როცა შაებვა მინდა, იმ ენდროს მოვხარშავ, ერთ წონა შაბსა და ერთ წონა ბაწარსაც ერთათ მოვადუღებ,მემრე ჩავაგდებ მოხარშულ ენდროში და გადმოვადუღებ, გადმოვიღებ და როცა ამოცივდება, ამოვალაგებ. დარჩენილ წვენში ახლა დამბალ ჭიაფერს ჩავყრი, გავავლებ შიგ ბაწარსა და ძალიან მუქი წითელი გამოვა“.

 ერწო-თიანეთი
„უნდა გამხმარი ენდრო დაიხვრიშოს, ჩაიყაროს ქვაბში. იდუღოს, სანამ სულ გამაიცემს ფერსა. ესეც გადაიწუროს, ექნას ძაღა, ერთი მუჭა თეთრი შაბი, კიდევ წამოდუღდეს და მემრე შაჰღებავს წითლად“.

თუშეთი
„თუშური ენდრო კარგად ვერ ღებავს, კახეთდან მოჰქონდათ ენდროს ძირი“.

პირიქითი ხევსურეთი
„წითლად ენდროში ვღებულობთ. ენდრო - ბალახის ძირი წითლის ფერისა. ედროს დავღნაყთ, წოთანში ჩავალბობთ. მეცხრეს დღეს მავღლებავთ (ლები თავისებური მომჟავო გემოსაი,კლდეში ვხკრეფთ, ყველკან კი არ არს). ლებს ჩავხყრით წყალში, ქვიშას ძირში დაიცემს, თავზე მჟავე წვენ დაადგების, წვენს გადმავსწურავთ, რაის შაღებვაიც გვინდ, ლების წვენში ჩავასხამთ, წამავადუღებთ. ემას ხქვიან მალებვაი. მალებულს გავღრეცხთ წმიდას წყალში, ჩავსდებთ იქავ წმიდაწყლიან ქვაბში, დავასხამთ ცხრა დღეს ნალბობ ენდროს, წამავადუღებთ. ამადუღებულს ამავიტანთ, ბაკანში ჩავასხამთ, თავისავ წვენს დავასხამთ. დაგრილებამდე ნაცარს დავაყრით, მზეზე გავაშრობთა-დ’ გავღრეცხთ“.

ქართლი
„მოვთხარე ენდრო, გავრეცხე სუფთათა. დავნაყე წმინდათა, ის დანაყული ჩავყარე კასრი იქნება თუ ქვაბი, დავასხი წყალი. იმ წყალში უნდა იყოს ერთი კვირა. მერე დავასხამ ქვაბში და ვადუღებ ითხ საათს. მერე ამოვყრი იმ ენდროს, ავადუღებ წყალს და ჩავყრი შაბს, იმ ნართს ჩავდებ შაბიან წყალში და ვადუღებ ცოტა ხანს. მერე იმ ნართს მოვიღებ, გავაშრობ, შემდეგ ჩავდებ ნადუღარ ენდროში, შიგ იქნება ერთი-ორი საათი, შემდეგ გაირეცხება და გაშრება“.

მესხეთი
ენდროს დანაყავენ კარგათ და წყალში ვხარშამთ. ნახარშ წვენში ვდებთ ძროხის შარდში გავლებულს ნართს და ცოტა ვადუღებთ, მერე ამოვიღებთ ნართს და დავშაბამთ, რომ ფერი არ გაუვიდეს“.

ჯავახეთი
ენდროს  დანაყვენ  წმიდათ,  ჩაჰყრიან წყლიან ქვაბში და ადუღებენ. ნახარშში დაშაბულ ნართს ჩასდებენ და ნელ ცეცხლზე ადუღებენ“.

იმერეთი
ენდრო დათესილი ქონდათ ხოლმე საგანგებოთ, ღებავდნენ მუქ წითლად“.

რაჭა
„წითლად ვღებავდით ენდროთი. ყმაწვილებს საახალუხეებსაც წითლად ვუღებავდით“.





Comments